





2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, პირველად ისტორიაში დაესანქცირებინა საქართველოს მოქალაქეები. სახელდობრ, აღნიშნული ბერკეტი გამოყენებულ იქნა 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ. სანქცია ითვალისწინებს ვიზების შეზღუდვას და ვრცელდება მოსამართლეთა ოჯახის წევრებზეც.
-
ლევან მურუსიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე;
-
მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
-
ირაკლი შენგელია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
-
ვალერიან ცერცვაძე - ყოფილი მოსამართლე


ტელეკომპანია „იმედი“ სანქცირების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდანვე აქტიურად აშუქებს საკითხის ირგვლივ არსებულ მოვლენებს. ამ მხრივ, „იმედის“ ეთერი, ძირითადად, მმართველი პარტიის ლიდერებსა და ხელისუფლების ღია მხარდამჭერებს ეთმობა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ მოსამართლეები ფორუმად მხოლოდ და მხოლოდ „იმედის“ პირდაპირ ეთერს ირჩევენ. მაგალითად, სანქცირებულ მოსამართლეთგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური , მოსამართლე ლევან მურუსიძე, ტელეკომპანია „იმედის“ პრაიმ-ტაიმში, „იმედი LIVE“-ის პირდაპირ ეთერში იყო მოწვეული. აღსანიშნავია, რომ ამავე გადაცემის სტუმარი აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანიც, იყო.

ძირითადი ნარატივები
ტელეკომპანია „იმედი“, ძირითადად, აშუქებდა საზოგადოებისთვის ცნობილ იმ პირთა განცხადებებს, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უსამართლობას, სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლასა თუ სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფას უწოდებდნენ.

პარალელურად „იმედი“ აქვეყნებს ცნობებს ამერიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომელთა მიხედვითაც, „დემოკრატი“ სენატორები აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მოუწოდებენ, დაიწყოს გამოძიება მოსამართლე კლარენს ტომასის მიმართ, რომელმაც არ გაამჟღავნა ინფორმაცია მილიარდერი „რესპუბლიკელი“ დონორის მიერ დაფინანსებული მდიდრული მოგზაურობების შესახებ.

11 აპრილს ტელეკომპანია „იმედი“ აშუქებს ორგანიზაცია „დემოკარატიის მრავალფეროვნების“ კვლევას, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო დადებითი ნიშნით შეფასდა, ბოლო 6 წლის მაქსიმუმზეა და რეგიონში ლიდერობს.
განსხვავებით „იმედისგან“, „ფორმულა“ მოსამართლეთა ამბავს უაღრესად კრიტიკულად აშუქებს. ტელეკომპანია ამბის თხრობისას თითქმის ყოველთვის იყენებს ტერმინ „კლანს“, რითაც ღიად ემიჯნება მოსამართლეთა კორპუსის ამ ნაწილს. მეტიც: ცდილობს, ამხილოს იგი, ეს უკანასკნელი ვლინდება თუნდაც იმაში, რომ თემის გაშუქებისას აღნიშნული მედიასაშუალება თავის საეთერო დროს აქტიურად უთმობდა იურისტთა და პოლიტოლოგთა იმ ნაწილს, რომელიც ,ჯერ ერთი, კარგად იცნობს სასამართლო ხელისუფლებას და, ამასთან, საჯაროდ აკრიტიკებს მას.


„ფორმულას“ არქივში ვხვდებით შემდეგ დასათაურებებსაც: „სანქცირებული კლანი“, „სანქცირებულთა ლხინი“, „ქართული ოცნება კლანის დასაცავად და ბოიკოტი საპარლამენტო საქმიანობას“, „მოსამართლეთა ქეიფი ქალაქგარეთ“, „კლანის სანქცირებული მოსამართლეები“ და სხვ.




ზემოთ წარმოდგენილი დიაგრამა აჯამებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერნეტ არქივში არსებულ სახელმწიფო მდივნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ მასალას ამა წლის 5 აპრილიდან 20 აპრილამდე.
წინამდებარე მოკვლევის შედეგების საილუსტრაციოდ გამოყოფილ იქნა ორი ძირითადი კატეგორია: გადაწყვეტილებლის მაკრიტიკებელთა რიცხვში ძირითადად შედის აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, უმრავლესობის ლიდერები. მოსამართლეთა მაკრიტიკებლებში კი - კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციის ნაწილი, საერთაშორისო აქტორები, საელჩოები და სხვ.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში ვერ იქნა აღმოჩენილი საზოგადოებრივი ჯგუფებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების/ მესამე სექტორის წარმომადგენელთა განცხადებები, რითაც „პირველი არხი“ განსხვავდება ზემოხსენებული ორი მედიასაშუალებისგან.